The Spectator-ი ფორმულას დამფუძნებელთან დავით კეზერაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაზე საუბრობს.
ინტერვიუში დავით კეზერაშვილი მის ბოლოდროინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო, გენერაური პროკურორი იყო 2018 წელს, რომდესაც პროკურატურამ იმავე საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე ბრიტანეთის და საფრანგეთის სასამართლოებმა უარი განაცხადეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, დავით კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში პროდემოკრატიულ ტელეარხს ფორმულას ფლობს, ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებები გაყალბებულია და ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის შედეგია.
"სასაცილოა ის, რომ [უზენაესი სასამართლოს] მოსამართლე, რომელმაც ჩემი საქმე განიხილა, იყო გენერალური პროკურორი, როცა პროკურატურამ გაასაჩივრა ჩემი გამამართლებელი გადაწყვეტილება 2018 წელს: ორივე სასამართლო პროცესზე ერთი და იგივე პიროვნება იჯდა. ჩემი დაცვის მხარის გამოძახების გარეშე, რამდენიმე საათში მათ გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე ვიყავი".- ამბობს დავით კეზერაშვილი.
ფორმულას დამფუძნებელი ჟურნალისტთან აცხადებს, რომ ეს შეხვედრაც "რისკის შემცველია მისთვის." მისი თქმით, ის ლონდონშიც კი არ არის თავისუფალი რუსული შანტაჟისგან.
კეზერაშვილი შანტაჟის მიზეზად ფორმულას ფაქტორს ასახელებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ტელეარხი 2020 წლიდან ხელისუფლების სამიზნე იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობამ ფსონები გაზარდა: კეზერაშვილის უახლოეს მომავალში არხის დახურვას მოელის.
ჟურნალისტი ინტერვიუში ასევე ახსენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც წერია, რომ სახელმწიფოს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ "მიზნად ისახავს ხელისუფლების ხელში კრიტიკული ტელევიზიის ხელში ჩაგდებას."
ჟურნალისტის კითხვაზე, აწუხებს თუ არა, რომ ის გაიზიარებს მიხეილ სააკაშვილის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ან იულია და სერგეი სკრიპალების ბედს, კეზერაშვილი ამბობს, რომ "რა თქმა უნდა ეს არასასიამოვნოა" და, რომ ოჯახის წევრები მას დაცვის აყვანისკენ უბიძგებენ, მაგრამ მას ეს იდეა "არ მოსწონს.
"მე დავინახე უცნობები, რომლებიც სურათებს მიღებენ, როდესაც ადამიანებს ვხვდები. შემდეგ ეს ჩნდება ტელეკომპანია "იმედზე", რომელიც არის პროსამთავრობო, პრორუსული ტელეარხი საქართველოში. ისინი აჩვენებენ ჩემს შეხვედრებს ყოფილ კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან. ეს ხდება რამდენიმე კვირაში ერთხელ. ეს ცხოვრების ნაწილი გახდა."- აცხადებს კეზერაშვილი.
დავით კეზერაშვილი ინტერვიუში საუბრობს მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის თემაზე და ამბობს, რომ პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით სჯის საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
"არაერთხელ პუტინმა განაცხადა, რომ მიშას დასჯიდა... ახლა ამას საქართველოს ხელისუფლების ხელით აკეთებს... ეს ყველაფერი კრემლის კრებულის მიხედვით ხდება, ასე ექცევიან თავიანთ მტრებს და მათ, ვინც არ მოსწონთ".- განაცხადა კეზერაშვილმა.
კეზერაშვილი ასევე საუბრობს საქართველოში "რუსული კანონის" ირგვლივ გამართულ პროცესებზე და ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ ხელისუფლება ამაზე გაჩერდება და ეჭვობს, რომ მოსალოდნელია რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
"[საქართველო] თითქმის ყოველ კვირას უფრო და უფრო პრორუსული ხდება... დღეს მე მას რუსული სახელმწიფოს მარიონეტს დავარქმევდი. ძნელი იქნებოდა ამის წოდება რამდენიმე წლის წინ... [მთავრობა] ინსტრუქციებს მოსკოვის ოფიციალური პირებისგან იღებს"- ამბობს ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი The Spectator-თან ინტერვიუში.
ინტერვიუში ასევე ნახსენებია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გასულ კვირას რუსეთი საქართველოსა და მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც ქვეყნების "ევროპულ გზაზე სვლის" გადაწყვეტილებამ გამოიწვია და ეს უფრო გაამძაფრა უკრაინის ომმა. ბრიტანეთი საქართველოს 500,000 ფუნტი სტერლინგის გადაცემას დაპირდა იმისათვის, რომ ქვეყანამ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.
"მივიდა იქამდე, სადაც ყველამ უნდა დაიწყოს საუბარი და რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიპყროს... საქართველოს სჭირდება დასავლეთის დახმარება."- ამბობს კეზერაშვილი.
ჟურნალისტი ინტერვიუში წერს, რომ დავით კეზერაშვილი ომის დაწყებიდან ექვსჯერ ეწვია კიევს. ფორმულას დამფუძნებლის ვიზიტები ჰუმანიტარული დანიშნულებისაა.
"რა დეტალები გაინტერესებთ?... ხანგრძლივი მგზავრობაა, რადგან უნდა გაიარო მთელი გზა პოლონეთის საზღვრიდან, რასაც დაახლოებით შვიდი, რვა საათი სჭირდება."
ჟურნალისტის თქმით, არ არის რთული წარმოსადგენი, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელსაც რუსული სამხედრო აგრესიის გამოცდილება და პუტინისგან თავდაცვის სტრატეგიული ცოდნა აქვს, შეეძლო მოეზიდა უკრაინაში პოლიტიკოსების ფართო აუდიტორია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნა საფრთხის ქვეშაა, ნაწილობრივ ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გამო. კეზერაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ "ძალიან ეეჭვება", რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დასახელებულ პირობებს შეასრულებს.
ჟურნალისტის თქმით, ამის მიუხედავად, ის იმედოვნებს, რომ ქართველებს მომავალი ევროკავშირში აქვთ: "ქართველები თავს ევროპელებად ხედავენ და არიან კიდეც. საქართველო ევროპული ქვეყანაა," - ამბობს ის.
სტატიისვე მიხედვით, დავით კეზერაშვილს ხელი არ ჩაუქნევია საქართველოში დაბრუნებაზე, როდესაც რეჟიმი შეიცვლება: "ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს შევძლებ, დავბრუნდე და ვნახო ჩემი ოჯახი, მეგობრები, ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე," - ამბობს ის.